მნიშვნელობა საქართველოს მონაკვეთი ინფრასტრუქტურა სიახლეები პარტნიორები კონტაქტი ფოტოგალერეა
/

ბაქო-თბილისი-ყარსის ტვირთბრუნვა გაიზარდა

თურქეთში გამართული ტრანსპორტის მინისტერიალის ფარგლებში, შედგა ოთხმხრივი შეხვედრა, რომელშიც საქართველოს გარდა, თურქეთის, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის დელეგაციებიც მონაწილეობდნენ. საქართველოს დელეგაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ხელმძღვანელობდა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა განსაკუთრებით ბოლო წლებში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს ტრანსკასპიური აღმოსავლეთ-დასავლეთ შუა დერეფნის ფუნქციონირებისა და მისი ცნობადობის გაზრდის მიმართულებით, როგორც უმოკლესი, უსაფრთხო და საიმედო გზისა ევროპისა და აზიის დასაკავშირებლად. კერძოდ, ითქვა, რომ დერეფანში განსაკუთრებით გაიზარდა გადატანილი ტვირთების მოცულობა, რაც აღნიშნულ პროგრესზე ცალსახად მეტყველებს.

„მნიშვნელოვანია, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე გადაყვანილი კონტეინერების რაოდენობა სტაბილურად იზრდება. კერძოდ, 56,4%–იანი ზრდა დაფიქსირდა 2021 წლის პირველი 8 თვის განმავლობაში. ეს ხდება უპრეცედენტო გამოწვევების მიუხედავად, რომელიც გამოიწვია COVID-19-მა და მასთან დაკავშირებულმა ეკონომიკური ფაქტორებმა. ახალი კორონავირუსი იყო ჩვენი სატრანსპორტო სისტემების ნამდვილი გამოცდა და ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის წყალობით, ჩვენ შევძელით, თავიდან აგვეცილებინა მნიშვნელოვანი ხარვეზები ტრანსსასაზღვრო გადაადგილებაში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ, სულ მცირე, შევინარჩუნოთ პოზიტიური დინამიკა სატვირთო გადაზიდვებში,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ჩვენი სატრანსპორტო დერეფნების მდგრადი და ეფექტური მუშაობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია პროაქტიული მიდგომები.

„ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს ინფრასტრუქტურის განახლების, სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესების, სატრანსპორტო ოპერაციებისა და მომსახურების გაძლიერების გზით კონკურენტული უპირატესობის მუდმივი განვითარება და შენარჩუნება, დერეფანში მზარდი ტვირთების მოცულობის უზრუნველსაყოფად,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

ამ კონტექსტში და შუა დერეფნის ფუნქციონირების კიდევ უფრო გასააქტიურებლად ის მიესალმა ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნას, რომელიც მხარეთა კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლებისგან შედგება.

ტრანსკასპიური ქვეყნების მინისტერიალზე, საქართველოს, თურქეთის, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის დელეგაციებმა ისაუბრეს, თუ როგორ გახადონ შუა დერეფანი უფრო მეტად კონკურენტული გლობალური კონკურენციის პირობებში, რათა ის იყოს უფრო მეტად მიმზიდველი ტვირთებისთვის და ახალი ინფრასტრუქტურული ინვესტიციებისთვის.