ახალქალაქის საერთაშორისო სარკინიგზო სადგურში “შტადლერის” სისტემა დამონტაჟდა
შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზა“ უზრუნველყოფს ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობის მართვას. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ახალქალაქის საერთაშორისო სარკინიგზო სადგურის ტერიტორიაზე, პოსტსაბჭოთა 1520 მმ-ანი ლიანდაგი უერთდება ევროპულ, 1435 მმ-ან ლიანდაგებს. შემუშავებული პროექტის მიხედვით, ევროპული სტანდარტების ლიანდაგებზე მოძრავი შემადგენლობა შეფერხების გარეშე, ავტომატურ რეჟიმში უნდა გადავიდეს.
მიმდინარე წლის 6 ივნისს შვეიცარიის ქალაქ ბუსნანგში გამართულ შეხვედრაზე ხელი მოეწერა „შტადლერსა“ და „მარაბდა-კარწახის რკინიგზას“ შორის ოფიციალურ ხელშეკრულებას გოგორწყვილების ავტომატური შეცვლის სისტემის შეძენის შესახებ. აღნიშნული სისტემა უზრუნველყოფს სამგზავრო ვაგონების ურიკების ავტომატურ გადასვლას სვლის შეჩერების გარეშე (5-15 კმ/სთ სიჩქარით) 1520 მმ ლიანდაგებიდან 1435 მმ ლიანდაგებზე და პირიქით.
4 დეკემბერს, „შტადლერის“ ორგანიზებით, შვეიცარიელი და გერმანელი სპეციალისტებით დაკომპლექტებული ჯგუფი ეწვია ახალქალაქის საერთაშორისო სარკინიგზო სადგურს. ტექნიკურმა პერსონალმა უზრუნველყო გოგორწყვილების ავტომატური შეცვლის დანადგარის დამონტაჟება.
“შტადლერი“ გახლავთ შვეიცარული კომპანია, რომელიც აწარმოებს მატარებლებსა და სხვადასხვა სახის სარკინიგზო სისტემებს 1942 წლიდან. შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზამ“ არჩევანი შეაჩერა სწორედ ამ კომპანიაზე, რომელიც გამოირჩევა მაღალი ხარისხითა და ინოვაციური ტექნოლოგიებით. სისტემა, რომელიც ახალქალაქის საერთაშორისო სადგურის ტერიტორიაზე დამონტაჟდა, კომპანია „შტადლერისა“ და გერმანული კომპანია „Voestapline“-ის თანამშრომლობით შეიქმნა.